ლონდონში ბაზირებული საკონსულტაციო კომპანია Aperio Intelligence, RISS-ის გახსნის ღონისძიების შესახებ შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს:
"გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) პარტნიორი კვლევითი ორგანიზაცია, უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტი (RISS) გაიხსნა. ღონისძიების თანამასპინძელი ბრიტანეთის საელჩო გახლდათ. ანალიტიკური ცენტრი RUSI-სთან მჭიდრო პარტნიორობით ფუნქციონირებს და აღსანიშნავია, რომ ეს შავი ზღვის რეგიონში RUSI-სთან აფილირებული ინსტიტუტის დაარსების პირველი შემთხვევაა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, RISS-ის დამფუძნებელი ნათია სესკურია Financial Crime Digest-ს (FCD) უსაფრთხოების იმ რისკებთან დაკავშირებით ესაუბრა, რაც, ვლადიმერ პუტინის მიერ წვევამდელების მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში რუსების მასობრივ შედინებას უკავშირდება. RISS-ის გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც 16 ნოემბერს გაიმართა, სესკურიამ FCD-ს განუცხადა, რომ ანალიტიკური ცენტრის დაარსება ემთხვევა იმ პერიოდს, როცა შავი ზღვის რეგიონი „გეოპოლიტიკური დაპირისპირების ბრძოლის ველად იქცა“.
მან დაამატა, რომ RISS-ის მისიაა „გააანალიზოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, წარმოადგინოს ინოვაციური და სტრატეგიული ხედვები, ასევე ხელი შეუწყოს უსაფრთხოების თემებზე აკადემიურ დებატებს“.
ორგანიზაციის პრეზენტაციაზე დისკუსია შავი ზღვის უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს როლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების შესახებ გაიმართა. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ დოქტორი ნილ მელვინი - საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების დირექტორი (RUSI), სერ დევიდ ლიდინგტონი - RUSI-ის თავმჯდომარე, პოლკოვნიკი ჯოსეფ ბილბო - საქართველოში აშშ-ის საელჩოს თავდაცვის ატაშე და საქართველოს უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები.
კვლევითი ცენტრის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით RUSI-მ გამოაქვეყნა კვლევა ნათია სესკურიასა და ნილ მელვინის ავტორობით - „მოსკოვის მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ და საქართველოს როლი რუსეთის სტრატეგიულ აზროვნებაში“.