2022 წლის 22 დეკემბერს, თბილისში კიბერცნობიერების საკითხებში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის ღონისძიება გაიმართა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტმა (RUSI) „კიბერ დანაშაულისა და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ“ კვლევის წინასწარი შედეგები წარმოადგინა.
ღონისძიებაზე ორი პანელური დისკუსია გაიმართა - „საფრთხეები კიბერსივრცეში“ და „პრობლემის გადაჭრის გზები“. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა სახელმწიფო და კერძო უწყებებიდან. ციფრული მართვის სააგენტომ წარმოადგინა კიბერ-შეტევის სიმულაცია მონაწილეებისთვის. მოგვიანებით, სამიზნე ჯგუფებთან ფოკუსირებული დისკუსიები გაიმართა, კერძოდ, მასწავლებლებთან, მშობლებთან, ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ დისკუსიების მთავარი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა საფრთხეების წინაშე დგანან აღნიშნული ჯგუფები და როგორ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა.
RUSI-ის კვლევისა და საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობის ღონისძიებაზე ჩატარებული მიზნობრივი ფოკუს ჯგუფების შედეგებზე დაყრდნობით, პროექტის გუნდი, საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოსთან ერთად, საინფორმაციო კამპანიას შეიმუშავებს და განახორციელებს, რომელიც კიბერსაფრთხეების შესახებ წინასწარ განსაზღვრული აუდიტორიების ცნობიერებას აამაღლებს.
ღონისძიება „გაერთიანებული სამეფო - საქართველოს კიბერთანამშრომლობის" (UKGCP) სამ წლიანი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდი (CSSF) აფინანსებს. პროექტი TAG International-ის, RUSI-ისა და მისი პარტნიორი უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტის (RISS), ასევე BAE Systems-ისა და Policy and Management Consulting Group-ის მიერ ხორციელდება საქართველოს სამთავრობო უწყებებთან ერთად. მისი მიზანი კიბერ საფრთხეების წინაშე ქვეყნის მედეგობის გაძლიერებაა.