2022 წლის 16 ნოემბერს, სასტუმრო “რუმსში”, უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტის (RISS) ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა.
RISS არის დამოუკიდებელი ანალიტიკური ინსტიტუტი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიენებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტთან (RUSI) მჭიდრო პარტნიორობით ფუნქციონირებს. RISS-ის გახსნის ცერემონია, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
RUSI მსოფლიოში უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგში მოღვაწე ანალიტიკურ ცენტრს წარმოადგენს და ცნობილია თავისი მაღალი ობიექტურობით და გამორჩეული გლობალური რეპუტაციით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის რომ, RUSI-ის ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის რეგიონში თავის ასოცირებულ ანალიტიკურ ცენტრს აყალიბებს. უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტს ნათია სესკურია უხელმძღვანელებს, რომელიც 2015 წლიდან დღემდე ბრიტანულ ინსტიტუტ RUSI-ში მუშაობს.
ღონისძიება გახსნა და სიტყვა წარმოთქვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოში დამოუკიდებელი, კვლევითი ინსტიტუტების ჩამოყალიბების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. სიტყვით ასევე გამოვიდნენ: RISS-ის დირექტორი, ნათია სესკურია, რომელმაც ისაუბრა ინსტიტუტის მისიის შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დევიდ მორგანი და RUSI-ს ასოცირებული დირექტორი ჯონათან აილი. ხოლო, სპეციალური ონლაინ მიმართვა კი RUSI-ს თავმჯდომარემ, სერ დევიდ ლიდინგტონმა წარმოთქვა. ოფიციალური გახსნის სესიას მოჰყვა თემატური პანელები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს როლზე, ასევე თანამედროვე კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პარლამენტის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და უსაფრთხოების ექსპერტები ესწრებოდნენ.