უკრაინის კონტრშეტევაზე დასკვნების გამოტანა ნაადრევია

15 სექტემბერი 2023

შოთა შიუკაშვილი, უმცროსი მკვლევარი, RISS

 

სამ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ კონტრშეტევა დაიწყო. მის მოლოდინში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მოკავშირე ქვეყნებში გადიოდნენ სამხედრო წვრთნებს, ხოლო დასავლეთი კიევისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდებას განაგრძობდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევით ოპერაციებს  ფრონტის ექვსი მიმართულებით აწარმოებს: ლიმანის მიმართულებით, ბახმუტის რაიონში, ავდიივკა-დონეცკის ფრონტზე, დასავლეთ დონეცკში, ზაპოროჟა-დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, დასავლეთ ზაპოროჟასა და ხერსონის ოლქში.

უკრაინული კონტრშეტევის ფართოდ აღიარებულ მიზანს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით რუსული თავდაცვითი ხაზების გარღვევა წარმოადგენს, რაც გაწყვეტს რუსეთის სახმელეთო კავშირს ყირიმის ნახევარკუნძულთან. მიუხედევად იმისა, რომ ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი უკრაინელების მხრიდან სწრაფ და ფართო კონტშეტევას ელოდა, საწყის ეტაპზე, უკრაინელთა საბრძოლო წარმატებები შედარებით დროში გაწელილია. 

 

მზარდი სკეპტიციზმი

ბოლო სამი თვის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და ათეულობით სოფლის გათავისუფლება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ მათ ზაპოროჟიას მიმართულებით დაიკავეს სტრატეგიული წერტილი - რობოტინე და რუსული თავდაცვითი ქსელის პირველი ხაზი გაარღვიეს. მიუხედავად ამისა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ნელი და შეზღუდულია და სავარაუდოდ მალე შეჩერდება. ამერიკელი გენერალი მარკ მილის თქმით უკრაინას დაახლოებით ექვსი კვირა აქვს, სანამ ამინდი კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარებას კიდევ უფრო გაართულებს. მზარდი სკეპტიციზმის საპასუხოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში მოსალოდნელი მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, კონტრშეტევა გაგრძელდება. 

გამოცემა Washington Post-ის სტატიის თანახმად, რომელიც აშშ-ს დაზვერვის წყაროებს ეყრდნობა, უკრაინა სავარაუდოდ მელიტოპოლამდე ვერ მიაღწევს და შესაბამისად ვერ შეძლებს ყირიმის მოკვეთას რუსეთისგან. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს ოფიციალური პირები უკრაინელებს მოუწოდებენ მოახდინონ კონტრშეტევის კონცენტრირება მთავარ მიმართულებაზე, კერძოდ სამხრეთში. ამის მიუხედავად, უკრაინელები განაგრძობენ მნიშვნელოვან ოპერაციებს აღმოსავლეთში, როგორიცაა მათი მცდელობები დაამყარონ კონტროლი ბახმუტის ოლქზე. ფართომასშტაბიანი, მექანიზებული შეტევების ნაცვლად, უკრაინა ცდილობს განახორციელოს მუდმივი ზეწოლა რუსულ ძალებზე ფრონტის ხაზის გასწვრივ, აღმოაჩინოს ხარვეზები კარგად მომზადებულ რუსულ თავდაცვით ხაზში, რითიც ჯერ ადგილობრივად და შემდეგ უფრო სიღმისეული შეჭრისთვის ისარგებლებს. ასეთი მიდგომა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2022 წელსაც გამოადგათ, კერძოდ ხარკოვისა და ხერსონის კონტრშეტევების დროს.

 

კონტრშეტევის ნელი ტემპის მიზეზები

იმ დროს როდესაც კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყებამდე უკრაინა თვეების განმავლობაში ელოდა დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდებას, რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდაცვითი ზღუდეების ხაზს ამზადებდა. CSIS-ის თანახმად, რუსული თავდაცვითი ხაზი უკრაინაში, წარმოადგენს “ყველაზე ვრცელ თავდაცვით ზღუდეს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”. შესაბამისად, უკრაინული ძალების კონცენტრაცია ფრონტის ერთ სექტორში და შემდგომი ფრონტალური შეტევა რუსული ხაზების გასარღვევად, სავარაუდოდ უკრაინელებში დიდ დანაკარგებს გამოიწვევდა. ამასთან, უკრაინელ სამხედროებს უწევთ გადაადგილება ძლიერ დანაღმულ ველებზე, რა პირობებშიც ისინი დღეში 500 მეტრიდან 2 კმ-მდე მიიწევენ წინ

გასაკვირი არ არის, რომ განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის კონტრშეტევით ოპერაციებს ქვეყნის სამხრეთში ეთმობა, კერძოდ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში. გასული წლის ნოემბერში, ქალაქ ხერსონიდან რუსული ჯარის უკან დახევის შემდეგ, სამხრეთ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო რაიონების გასწვრივ ახალი რუსული თავდაცვითი ხაზი შეიქმნა. უკრაინული ლანდშაფტის უმეტესობისგან განსხვავებით, სამხრეთ უკრაინა თანაბარი რელიეფით გამოირჩევა, რომელიც დიდ ტერიტორიებზე გადაჭიმული მოშიშვლებული ველებისგან შედგება. ასეთ პირობებში, უკრაინელთა წინსვლა რთულდება, რადგან ისინი ადვილად ხდებიან რუსული არტილერიისა და საჰაერო ძალების სამიზნე. ამას ემატება რუსული თავდაცვითი შესაძლებლობების ფართო და მკვრივი ქსელი, რომელსაც რუსეთი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამზადებდა და რომელიც ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისგან,   მავთულხლართებისგან, სანგრების ქსელებისგან და ასობით კვადრატულ კილომეტრზე დანაღმული ველებისგან შედგება. ასევე დამატებითი გამაგრებებია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების გარშემო, როგორიცაა ტოკმაკი. 

ტოკმაკის აღების შემთხვევაში, უკრაინას შესაძლოა საშუალება მიეცეს, სვლა განაგრძოს მელიტოპოლის მიმართულებით და შუაზე გახლიჩოს რუსული ძალები სამხრეთში. მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთში რუსული ძალების გაყოფა გაწყვეტს რუსეთის სახმელეთო კავშირს ყირიმთან და ერთადერთი დამაკავშირებელი ქერჩის ხიდი დარჩება, რომელიც უკრაინელებმა უკვე არაერთხელ  ააფეთქეს.  მოვლენების ასეთი განვითარება მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსეთის ლოჯისტიკური მომარაგების შესაძლებლობებს და ასევე მძიმე პოლიტიკური დარტყმა იქნება კრემლისთვის.

 

უკრაინის მთავარი ხარვეზები

ნახსენებ თავდაცვით შესაძლებლობებთან ერთად, რუსეთი მნიშვნელოვანი საჰაერო უპირატესობით სარგებლობს, რადგან უკრაინას მწირი ახლო საჰაერო მხარდაჭერის შესაძლებლობები გააჩნია. შეფასებულია, რომ რუსეთს დაახლოებით თხუთმეტჯერ მეტი თვითმფრინავი და შემტევი ვერტმფრენი ჰყავს, ვიდრე უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდების სამეფო და დანია, უკრაინას 61 F-16 ტიპის მოიერიშე გამანადგურებლებს გადასცემენ, ეს ამჟამინდელი კონტრშეტევისთვის აქტუალური არ არის, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ  F-16-ები უკრაინის ცაზე მომავალ წელამდე გამოჩნდებიან. რუსეთის საჰაერო უპირატესობის ფონზე უკრაინა სწრაფი წინსვლა გაუჭირდება.

გარდა ამისა, უკრაინის საარტილერიო შესაძლებლობები შეზღუდულია. თუმცა,  საარტილერიო ჭურვების დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით აშშ-მ უკრაინისთვის კასეტური ჭურვების მიწოდება დაიწყო. ასევე აღსაღნიშნავია, რომ ჩვეულებრივ, კონვენციურ ჭურვებთან შედარებით, კასეტური ჭურვები უფრო ეფექტურად უმკლავდებიან ისეთ სამიზნეებს როგორიცაა ქვეითი ჯარი, საარტილერიო დანადგარები, და მძიმე ტექნიკის კოლონები. 

ძალთა შეუსაბამობიდან გამომდინარე, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დიდი გამოწვევაა ჯავშანტექნიკისა და ქვეითთა კომბინირებული შეტევის წარმოება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის თავდაცვითი ხაზის გასარღვევად. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს უკრაინის დანაკარგები, მათ შორის დასავლეთის მიერ მიწოდებული ტანკებისა და საბრძოლო მანქანების, რადგან ისინი თავს ესხმიან გამაგრებულ სანგრებს, გარშემორტყმულს დანაღმული ველებითა და ‘დრაკონის კბილებით’, მძიმე საარტილერიო და საჰაერო დაბომბვის ქვეშ. 

 

რუსული პროპაგანდა

გარდა ამისა, რუსეთმა დასავლური ტანკების განადგურებისთვის სამხედროების წახალისება დაიწყო.  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ განადგურებულ უკრაინულ ჯავშანმანქანაზე 50 000 რუბლის ($556) ოდენობით ბონუსს გასცემს, ხოლო 100 000 რუბლს ($1112) თითოეულ განადგურებულ ტანკზე.  რუსული კომპანია “ფორესი” კი 5 მილიონ რუბლს ($55 556) დაჰპირდა პირველს, ვინც ხელში ჩაიგდებდა ან გაანადგურებდა ამერიკულ Abrams ან გერმანულ Leopard 2-ის ტანკებს, 500 000 ($5 556) რუბლს კი ყოველ მომდევნოზე. გარდა სამხედრო ღირებულებისა, დასავლური ტანკების განადგურებას კრემლისთვის უზარმაზარი პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსული საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, ასევე უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერისა და უკრაინული კონტრშეტევის წარმატებების მოლოდინების ჩასახშობად.

ვინაიდან ამ კონტრშეტევაში, უკრაინის მიერ დასავლური სამხედრო ტექნიკის გამოყენებას დიდი ყურადღება ეთმობა, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ხშირად ტრაბახობს დასავლური აღჭურვილობის განადგურებითა და ხელში ჩაგდებით, როგორიც არის აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული Bradley-ს საბრძოლო მანქანები და გერმანული Leopard 2-ის ტანკები და ახლა უკვე, ბრიტანული წარმოების Challenger 2. კრემლის პროპაგანდისტული წყაროები ზოგჯერ ერთი და იმავე ინციდენტის ამსახველ, სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ გადაუმოწმებელ ვიდეოკადრებს ავრცელებენ და ამტკიცებენ, რომ ისინი ცალკეულ შემთხვევებს ასახავენ. 

უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ზოგიერთმა დასავლური მედიაც კი გაება რუსული პროპაგანდის მახეში და ეს ნარატივი გაავრცელა. მაგალითად, გავლენიანმა გამოცემა Forbes-მა გამოაქვეყნა  სტატია სათაურით - „უკრაინის არმიამ უკვე დაკარგა თავისი უნიკალური Leopard 2R გამნაღმელი ტანკების ნახევარი”. სინამდვილეში კი ფინეთს მხოლოდ ექვსი ასეთი ტანკი ჰქონდა გადაცემული, საიდანაც მხოლოდ სამი დაზიანდა, ეს კი უკრაინის 800 სატანკო ფლოტისთვის კატასტროფას ნაკლებად წარმოადგენს. 

რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია Leopard 2-ის ტანკის განადგურების შესახებ და გამოაქვეყნა მისი ვიდეო მტკიცებულება, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ვიდეოკადრები სამეურნეო ტრაქტორის განადგურებას ასახავდა. სინამდვილეში კი, უკრაინელბს ძალზედ მცირე სატანკო დანაკარგები აქვთ, მათი დასავლური წარმოების 105 ტანკიდან მხოლოდ შვიდია განადგურებული: სამოცდათორმეტიდან ექვსი Leopard 2 და თოთხმეტიდან ერთი Challenger 2. ხოლო, ოცი ლეოპარდ 1A5-დან არც ერთი არ განადგურებულა. გარდა ამისა, კონტრშეტევის მიმდინარეობის ფონზე, უკრაინას მალე გადაეცემა დამატებითი ტანკები, მათ შორის კიდევ თოთხმეტი Leopard 2, ოცდათერთმეტი ამერიკული წარმოშობის M-1 აბრაამსის ტანკი და სავარაუდოდ კიდევ 145 Leopard 1A5.

 

სამომავლო პერსპექტივა

ჯერჯერობით, რაც არ უნდა ნელი ჩანდეს უკრაინის მიღწევები, უკრაინული კონტრშეტევა გრძელდება. უკრაინული ტაქტიკა ომის საჭიროებებთან ერთად მუდმივად ცვალებადია, უკრაინელი ოფიციალური პირები ხშირად ამბობენ: „გეგმებს სიჩუმე უყვართ“. ამ ეტაპზე, ნაადრევია უკრაინული კონტრშეტევის შედეგის პროგნოზირება. ამ ომში, ყველაზე დინამიური სამხედრო კამპანიებიც კი მოიცავს როგორც სწრაფი პროგრესის ფაზებს, ასევე შეზღუდული მოძრაობის პერიოდებსაც. როგორც ზალუჟნიმ თქვა: „ეს არ არის შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს და ფსონებს დებს. ჩვენ ყოველდღე, ყოველ მეტრზე წინ წაწევა სისხლის ფასად გვიჯდება”. მნიშვნელოვანია, რომ ამ ომის დამკვირვებლებმა გამოიჩინონ მოთმინება და არ დაიჯერონ კრემლის პროპაგანდის მიერ დახატული "ჩავარდნილი" კონტრშეტევის სურათი. 

 

ფოტო: Viacheslav Ratynskyi/REUTERS

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს RISS-ის ან რომელიმე სხვა ინსტიტუტის შეხედულებებს.

18 მაისი 2023

პრიგოჟინი ძველი გვარდიის წინააღმდეგ: ბრძოლა ძალაუფლებისთვის?

   

11 აპრილი 2023

უკრაინა - რუსეთის იმპერიული ამბიციების სამიზნე: გამოწვევები და პოლიტიკის ოფციები

15 მარტი 2023

კრემლის თვალით დანახული რუსეთი