უკრაინა - რუსეთის იმპერიული ამბიციების სამიზნე: გამოწვევები და პოლიტიკის ოფციები

11 აპრილი 2023

მაიკლ ჰიკარი სესირე, უფროსი მრჩეველი, 9 მარტი, 2023

 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის იმპერიული მოტივები და ომისადმი მისი მიდგომა, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერასა  და სამართლიანი მშვიდობის პერსპექტივაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავზე, უკრაინის ამჟამინდელი სტრატეგიული და ოპერატიული გარემოს ფონზე, რუსეთის მოტივაცია კონფლიქტის დაწყებასთან დაკავშირებით გადახედვას იმსახურებს.  მიუხედავად იმისა, რომ რუსული პროპაგანდა - და ამ პროპაგანდის ხელშემწყობები - ტყუილად და არადამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ რუსეთის მიერ არჩეული გენოციდური ომი თითქოს რაციონალური რეაქცია იყო ნატოს გაფართოებაზე, კრემლის გადაწყვეტილება სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ასახავს რეალურ (მართალია არალეგიტიმურ) უსაფრთხოების აღქმებს, რომლის ფესვები მოსკოვის ღრმად იმპერიულ და ექსპანსიონისტურ სტრატეგიულ კულტურაშია.  ეს იმპერიული იდენტობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მზად არის, თითქმის განუსაზღვრელი ვადით იომოს უკრაინაში. იმ პირობებში, როდესაც დანაკარგებს ძირითადად ეთნიკური უმცირესობები და მსჯავრდებულები შეადგენენ, მოსკოვს სჯერა, რომ რუსულ მასებს შეუძლიათ გაუძლონ უკრაინის სიმამაცეს და დასავლურ შეიარაღებას.  ეს პრიზმა აუცილებელია როგორც კრემლის მოტივაციის გასაგებად, თუ რატომ დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ ცუდად დაგეგმილი ომი, ასევე ომის სამართლიანი დასარულის პოლიტიკის ოფციების განსასაზღვრად და შემდგომი სტაბილური არქიტექტურის მისაღწევად.

 

სტრატეგიული შფოთვები

2022 წლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ იყო განპირობებული უკრაინის დასჯის სურვილით აგრესიული ქმედებების გამო, დონბასზე რუსეთის კონტროლის გასამყარებლად, ნოვოროსიის დასაარსებლად ან თუნდაც უკრაინის მთლიანად დასაპყრობად. თუმცა, ზემოხსენებული ფაქტორებიდან ერთი ან რამდენიმე, შესაძლოა, მეორეხარისხოვანი ან მესამეხარისხოვანი მიზანი ყოფილიყო. რეალურად, რუსეთის ხედვით, უკრაინაში შეჭრა იყო პრევენციული სამხედრო ქმედება უკრაინის გავლენის პოტენციური ან მოსალოდნელი ზრდის წინააღმდეგ, რასაც შეეძლებოდა მკვეთრად შეეზღუდა რუსეთის პოზიციები რეგიონში, საშუალო (2025-2030) ან უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში.  2022 წლის დასაწყისში, რუსეთი, თითქოს თავისი ძალაუფლების მწვერვალზე იყო, მაშინ როცა უკრაინის სიძლიერე ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გაცნობიერებული. შესაბამისად, რუსეთს "სხვა არჩევანი არ ჰქონდა“, გარდა იმისა, რომ სასწრაფოდ გაენეიტრალებინა ეს დამწყები და მზარდუნარიანი მეტოქე.  ეს ჰიპოთეზა, თუ სიმართლეს შეესაბამება, გვეხმარება სრულმასშტაბიანი შეჭრის აშკარა ირაციონალური გადაწყვეტილების ახსნაში და ასახავს კრემლის ომის გაგრძელებით გამოხატულ სიჯიუტეს, მიუხედავად ხანგძლივი წარუმატებლობებისა და რუსული ძალების დიდი ნაწილის განადგურებისა.

როგორც ჩანს, რუსეთის მოტივები ე.წ. „თუკიდიდეს ხაფანგს“ შეესაბამება - როცა დიდი სახელმწიფო ომს კონკურენტის პოტენციური გაძლიერების შიშის გამო აწარმოებს. ამ კონტექსტში, უკრაინის აშკარა გაძლიერება რუსეთის დიდი ხნის რეგიონალურ ჰეგემონიას ემუქრებოდა.  უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით, უკრაინის ძირითადი სტრატეგიული პოტენციალისა - დიდი ევროპეიზიციის პროცესში მყოფი ქვეყანა, 40 მილიონიანი მოსახლეობით, მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, ადამიანური კაპიტალით და სამრეწველო სიძლიერით - და მისი ბოლო დროინდელი სამხედრო თუ ეკონომიკური განვითარების კომბინაცია ნიშნავდა, რომ მას მალე ექნებოდა  საბრძოლო ძალა და შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ დაებრუნებინა დაკარგული ტერიტორიები, არამედ რეგიონის მასშტაბით ძალაუფლების პროექცია მოეხდინა და აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის იმპერიული პრეტენზიები შეეზღუდა.  წარმოიდგინეთ მაგალითად უკრაინა, რომელიც ფლობს შორი მოქმედების სამხედრო შეიარაღებასა და მრავალფეროვან ფრთოსან რაკეტებს, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან რუსეთის ყველაზე სტრატეგიულ წერტილებს ოკუპირებულ ყირიმში, აზოვის ზღვაში, დონის როსტოვში, ბრაიანსკში, ბელორუსსა და კიდევ უფრო შორს. ნატოში გაწევრიანების გარეშეც კი, უკრაინას აქვს რეალური შესაძლებლობა და პოტენციალი, იყოს სერიოზული რეგიონული ძალა, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს რუსული გავლენა, მნიშვნელოვნადაც კი.

 

კრემლის ოპერაციული სიჯიუტე პირდაპირ კავშირშია მის სტრატეგიულ მიზანთან, ნებისმიერ ფასად დაიცვას და გააკონტროლოს თავისი იმპერიული პოზიციები.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა 2022 წელს აღიქმებოდა, როგორც ასეთი პოტენციალის მქონე, ეს იყო მხოლოდ პოტენციალი, ჯერ კიდევ არარეალიზებული და სულ მცირე რამდენიმე წლით დაშორებული თუნდაც საბაზისო დონეზე რეალიზაციამდე.  ამის საპირისპიროდ, რუსეთი, კრემლში და დიდწილად (და როგორც ირკვევა მცდარად) საერთაშორისო დონეზეც, წლების განმავლობაში მაღალბიუჯეტიანი მოდერნიზაციისა და საქართველოში, აღმოსავლეთ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში გარკვეული წარმატებული, თუმცა კი უფრო ლიმიტირებული, სამხედრო გამოცდილების შემდეგ, სამხედრო და სტრატეგიული შესაძლებლობების პიკზე ითვლებოდა.  როგორც ჩანს, ამ დინამიკამ მოსკოვს გადაუდებელი, მაგრამ რეალური შესაძლებლობების ფანჯარა წარმოუდგინა - გრძელვადიან პერსპექტივაში გადაეჭრა „უკრაინის საკითხი“.  ამიტომაც, ომამდე რუსული მოლაპარაკებები და მოთხოვნები ასე უცნაურად გამოიყურებოდა; ვერანაირი ტაქტიკური ვაჭრობა ვერ გაუმკლავდებოდა რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიულ მისწრაფებებსა და შფოთვებს. მხოლოდ შეუძლებელ დიპლომატიურ სვლას, როგორიცაა ცივი ომის ეპოქაში დაბრუნება, იალტის სტილის პარადიგმას, რომელმაც უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი ჩააბარა რუსულ ძალადობრივ, რევანშისტურ კოლონიალიზმს, შეეძლებოდა კრემლის სტრატეგიული შფოთვების განელება.

 

ოპერატიული სიჯიუტე

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ამ პერსპექტივიდან განხილვა - როგორც გადამწყვეტი ქმედება ხელსაყრელი იმპერიული სტრატეგიული წონასწორობის მისაღწევად -  დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ აწარმოებს რუსეთი ომს მძიმე დანაკარგების, ტერიტორიული უკუსვლისა და ზოგადი სამხედრო გამოფიტვის პირობებშიც კი.  მას შემდეგ, რაც რუსეთმა თითქმის სრულად მიატოვა ადრეული ფაზის მცდელობები RMA-ის ტიპის დარტყმების გამოყენებაზე, რომელიც ეყრდნობოდა სიზუსტეს, მობილურობასა და საბრძოლო სივრცის გააზრებას, რუსი სამხედროები დაუბრუნდნენ ადამიანური და მატერიალური რესურსების დიდი მოცულობით გამოყენებას, ოპერაციული ან თუნდაც უმნიშვნელო ტაქტიკური მიზნების მისაღწევად. ამას უზომოდ დიდი დანაკარგები მოჰყვა, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა, ანალიტიკურ წრეებში ირონიულად ფასება როგორც „რუსული ომის სტილი“, ის მიგვითითებს რუსეთის ხელმძღვანელობის ერთგვარ სასოწარკვეთაზე,  დაძლიონ უკეთესად მართული, უფრო მიზანდასახული და სულ უფრო უკეთ აღჭურვილი უკრაინის შეიარაღებულ ძალები.  კრემლის ოპერატიული სიჯიუტე, ამ თვალსაზრისით, პირდაპირ კავშირშია მის სტრატეგიულ მიზანთან, ნებისმიერ ფასად დაიცვას და შეინარჩუნოს თავისი იმპერიული პოზიციები, მათ შორის, არაპოპულარული „ნაწილობრივი“ მობილიზაციის გზით, რომლითაც არაპროპორციულად  ხდება რუსეთის  ეთნიკური უმცირესობების და მსჯავრდებულების საზარბაზნე ხორცად უკრაინაში გაგზავნა.

ოპერაციული ჩიხი და თუნდაც ზომიერი, მცირე მოცულობის უკრაინული წარმატებები, მაინც აძლევს ხელს კრემლს, მიუხედავად რუსული არმიის მატერიალური და მორალური გამოფიტვისა.  რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ამ გამოფიტვის მართვა შესაძლებელი იქნება სამხედრო ან საზოგადოებრივი კოლაფსის გარეშე, განსაკუთრებით ბრძოლის წინა ხაზზე კოლონიალური ეთნიკური უმცირესობებისა და მსჯავრდებულების დამატებითი გადასროლით, მაშინ როცა ფიზიკურ და სოციალურ მეტროპოლიაში მცხოვრებნი ძირითადად დაცულნი არიან მობილიზაციისგან და საშუალება ეძლევათ, რომ წავიდნენ საქართველოში, სომხეთში, თურქეთში და სხვაგან.  ამ ლოგიკის მიხედვით, დროთა განმავლობაში, რუსული მასა შეძლებს დაამარცხოს უკრაინული სიმამაცე და დასავლური იარაღი.

 

თუ რუსეთის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს, ნებისმიერი რამ, რაც კონფლიქტის სამართლიან გადაწყვეტასთან ახლოსაა, მისთვის მიუღებელი იქნება.

 

რუსეთის ხელმძღვანელობის გათვლამ მიზანს შეიძლება ან მიაღწიოს ან არა, მაგრამ ეს აუცილებლად გამოიწვევს გაზრდილ მსხვერპლს როგორც ორივე ქვეყნის სამხედროებს, ისე უკრაინელ მოქალაქეებს შორის. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მზადყოფნა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის, გარდა ოპერატიული პაუზისთვის საჭირო ცეცხლის შეწყვეტისა, ნაკლებად სავარაუდოა, თუ შეუძლებელი არა. თუ რუსეთის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს - ამასთან, დარწმუნებულია ირანულ და პოტენციურად ჩინურ შეიარაღებაზე წვდომაში და პრაქტიკულად ამოუწურავი, "არაფრადღირებული" კოლონიური ეთნიკური უმცირესობების და მსჯავრდებულების ხელმისაწვდომობაში - ნებისმიერი რამ, რაც ახლოსაა სამართლიან გადაწყვეტასთან, მისთვის მიუღებელი იქნება.

 

ფრონტის გამრღვევი შეიარაღება

ყოველივე ზემოხსენებულს, პოტენციურად, დიდი გავლენა აქვს დასავლეთის  დამარებაზე უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. სტრატეგიული სიფრთხილის თუ წვრთნისა და ტექნიკური გამოწვევების გამო, დასავლური იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდება მართალია მზარდია, თუმცა საბრძოლო საჭიროებებს მაინც ჩამორჩება და დახმარების ნაკადები განსხვავევდება ხარისხითა და რაოდენობით, რომ აღარაფერი ვთქვათ განსხვავებებზე დამზადების, წარმომავლობის და კომპლექსურობის თვალსაზრისით.აღნიშნულმა დახმარებამ უდავოდ ხელი შეუწყო უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას, მაგრამ ჯერ-ჯერობით გადამწყვეტი როლი არ შეუსრულებია. ამ მოსაზრებას ადასტურებს გამონაკლისი შემთხვევები: M777 ჰაუბიცებმა, რომელიც მიწოდებული იქნა საკმაო რაოდენობითა და შედარებით მოკლე დროის მონაკვეთში, საშუალება მისცა უკრაინელებს, შორ მანძილზე ეწარმოებინათ მასირებული ცეცხლი, რომელსაც თითქმის მყისიერი ეფექტი ჰქონდა; M142 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS), მიუხედავად მცირე რაოდენობისა, ფრონტის გამრღვევი პლატფორმა გამოდგა, რომელმაც უკრაინულ ძალებს შესაძლებლობა მისცა, დამანგრეველი დარტყები განეხორციელებინა;  და Starlink-მა უკრაინულ ძალებს მიაწოდა გამძლე, დაბალი შეფერხების, მაღალი გამტარუნარიანობის და შედარებით უსაფრთხო მართვის, კონტროლისა და ინფორმაციის ქსელი.  SpaceX-ის ბოლო დროინდელმა უარყოფითმა ნაბიჯმა კი, თავის მხრივ, მკვეთრად შეანელა უკრაინის კონტრშეტევა და შეტევითი ოპერაციები.

ანალოგიურად, დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას ან დიდი რაოდენობით უნდა მიაწოდონ დამატებითი პლატფორმები, რომლებიც უკრაინას საშუალებას მისცემენ აწარმოოს დიდი მოცულობის, მასირებული დარტყმები - თუნდაც შედარებით მარტივი ტაქტიკური სისტემებიდან, როგორიცაა 120 მმ ნაღმტყორცნები - ან გადასცეს ფრონტის ხაზის გამრღვევი სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ მტრის ხაზის გარღვევას და რუსეთის ძალების შეკავებას.  HIMARS-ების აღჭურვას საკმარისი რაოდენობის შორ მანძილზე მოქმედი ტაქტიკური სარაკეტო სისტემებით (ATACMS) შეუძლია დააკმაყოფილოს ეს საჭიროება, ვინაიდან ეს საფრთხეს შეუქმნიდა რუსეთის ჯარების თავმოყრის ადგილებს და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს. ასევე, უკრაინული კონტრშეტევის წინაშე მოწყვლადს გახდის ფრონტის ხაზიდან დაშორებით მდებარე ნაწილებს და მნიშვნელოვან ობიექტებს ყირიმში, ბელარუსში და რუსეთშიც კი. აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სახმელეთო განთავსბის მცირე დიამეტრის ბომბების (GLSDBs) მიწოდებას, რომელიც ახლახანს დაანონსდა, შეუძლია უპასუხოს იგივე ამოცანას, თუმცა გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა მათი მიწოდება იმ დროში და იმ რაოდენობით, რაც ცვილილებების მოკლე დროში მისაღწევადაა საჭირო. ანალოგიურად, უკრაინისთვის Typhoon-ის, F-16-ის, F/A-18-ის ან სხვა მეოთხე თაობის (ან უკეთესი) ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ომის დინამიკა. თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მნიშვნელოვანია რა დროში მიეწოდება ის უკრაინას და რა რაოდენობით. 

სამართლიანი მშვიდობის მიღწევისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, უკრაინას სასწრაფოდ, ექვს თვემდე პერიოდში, ესაჭიროება ფრონტის გამრღვევი შეიარაღება, როგორიცაა GLSDB-ები, დიდი რაოდენობით საბრძოლო ტანკები და ასევე ტაქტიკური რეაქტიული თვითმფრინავები. ATACMS-იც შეიძლება ღირებული იყოს ამ კუთხით, ისევე როგორც GLSDB-ების და ამავე ტიპის სხვა დასავლური შეიარაღების დაჩქარებით მიწოდება. უკრაინას ასევე ესაჭიროება დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი საბრძოლო აპარატები და, რა თქმა უნდა, Starlink-ზე ან მსგავს სისტემაზე სრული წვდომა. მიუხედავად იმისა, რომ ეს, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო პასუხს გააძლიერებს, უკრაინის შესაძლებლობა, რომ გადავიდეს შეუქცევად შეტევაზე, სწრაფად გაანადგუროს სამიზნეები და გაანეიტრალოს რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა არის ის, რასაც შეუძლია შექმნას რეალური და მყარი სამშვიდობო შეთანხმების წინაპირობა.

 

თარგმანი: შოთა შიუკაშვილი 

ორიგინალი სტატიის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: https://rusi.org/explore-our-research/publications/commentary/ukraine-russian-imperial-action-challenges-and-policy-options

15 სექტემბერი 2023

უკრაინის კონტრშეტევაზე დასკვნების გამოტანა ნაადრევია

   

18 მაისი 2023

პრიგოჟინი ძველი გვარდიის წინააღმდეგ: ბრძოლა ძალაუფლებისთვის?

   

15 მარტი 2023

კრემლის თვალით დანახული რუსეთი