პრიგოჟინი ძველი გვარდიის წინააღმდეგ: ბრძოლა ძალაუფლებისთვის?

18 მაისი 2023

 

თათია ჩიხლაძე, უფროსი მკვლევარი, RISS, 

შოთა შიუკაშვილი, კვლევითი ასისტენტი, RISS

 

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელ, ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩეოდა. პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი, „ვაგნერის“ მებრძოლებისთვის შეიარაღების მიწოდების შეფერხებაში არაერთხელ დაადანაშაულა. თუმცა, ბოლო დროს, პრიგოჟინის თავდასხმები კიდევ უფრო მძაფრი და ინტენსიური გახდა. მაგალითად, 6 მაისს მან წამოაყენა ულტიმატუმი ბახმუტიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, თუ ტყვია-წამლის დეფიციტის საკითხი არ მოგვარდებოდა. მოგვიანებით, მან პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ მოსკოვი „ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო“ აღჭურვილობის მიწოდებას დათანხმდა. 

პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაზე კიდევ ერთი შეტევა 9 მაისს განახორციელა და რუსული სამხედრო დანაყოფი ბახმუტის მახლობლად პოზიციების დათმობაში დაადანაშაულა. აღნიშნულს პრიგოჟინი უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის „სულელური“ და „კრიმინალური“ ბრძანებებით ხსნიდა, რამაც, მისი მტკიცებით, „ვაგნერელები“ უკრაინელების ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე დააყენა. 

კითხვებს აჩენს ის, თუ როგორ ტოვებს პუტინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაზე პრიგოჟინის ასეთ ღია და მძაფრ თავდასხმებს  უპასუხოდ, მაშინ, როდესაც თავად რუსეთში, ათასობით ადამიანს აპატიმრებენ ომის მიმართ ბევრად უფრო რბილი ფორმებით გამოხატული კრიტიკისთვისაც კი.  

 

ვაგნერის საქმიანობა უკრაინაში

პრიგოჟინმა კერძო სამხედრო დაჯგუფება, 2014 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (GRU) თანამშრომლობით დააარსა. „ვაგნერის“ პირველი ოპერაცია, იმავე წელს, ყირიმის ანექსიაში, რუსეთის რეგულარული არმიის მხარდაჭერა იყო. მას შემდეგ მისი დაქირავებული მებრძოლები იგზავნებოდნენ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო ომებში, ძირითადად იმ ძალების მხარდასაჭერად და დასაცავად, რომლებიც რუსეთთან პარტნიორობენ. 

რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ადრეულ ფაზაში “ვაგნერი” არ იყო ღია სამხედრო მოქმედებების ნაწილი, არამედ ის, სავარაუდოდ, ფარულ ოპერაციებში იყო ჩართული. რუსეთის შეჭრიდან ოთხი დღის შემდეგ, უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ მათ “ვაგნერის” 400 მებრძოლი გამოავლინეს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი კაბინეტის წევრების ლიკვიდაციისთვის იყვნენ კიევში ჩასულები. თუმცა, ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად (ISW), ვინაიდან რეგულარულმა არმიამ ვერ შეძლო კიევის აღება და თავდაპირველი მიზნების მიღწევა, ამან, სავარაუდოდ, პუტინის იმედგაცრუება გამოიწვია. ამასთანავე ის სამხედროების მოწოდებებს მობილიზაციის თაობაზე საფრთხედ აღიქვამდა მისი რეჟიმის სტაბილურობისთვის. აქედან გამომდინარე, პუტინმა გადაწყვიტა, „ვაგნერის“ როლი წინ წამოეწია. ამ ყველაფერში პრიგოჟინმა დაინახა შესაძლებლობა, გაეძლიერებინა თავისი პოზიციები და გაეფართოვებინა „ვაგნერის“ რეკრუტირების კამპანია ციხეებში. მას შემდეგ, “ვაგნერი” აქტიურად იყო ჩართული ბრძოლებში უკრაინის აღმოსავლეთით, ბახმუტზე კონტროლის მოსაპოვებლად, რაც ომის ყველაზე ხანგრძლივ და სისხლიან ბრძოლაში გადაიზარდა. 

როდესაც პუტინმა უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურის პოზიციაზე სერგეი სუროვიკინი ვალერი გერასიმოვით ჩაანაცვლა, ბევრმა ეს საკადრო ცვლილება აღიქვა როგორც კრემლში მიმდინარე შიდა დაპირისპირების ნიშანი. პრიგოჟინს საკმაოდ ახლო პარტნიორული ურთიერთობები ჰქონდა სუროვიკინთან და მას საჯაროდაც ხშირად აქებდა. გერასიმოვის დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში პრიგოჟინს პატიმრების დამატებით რეკრუტირება აეკრძალა. მას შემდეგ ის გამუდმებით უჩივის მარაგების ნაკლებობას, რაშიც შოიგუსა და გერასიმოვს ადანაშაულებს. 

რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა “ვაგნერის” საქმიანობას ყურადღებით აკვირდება. მისი არსებობა უკვე მადესკრედიტირებელი ფაქტორია რეგულარული არმიისთვის. ჩეჩენი მებრძოლების მსგავსად, „ვაგნერს“ სარდლობის დამოუკიდებელი ხაზი აქვს, რაც კითხვებს აჩენს რუსეთის რეგულარული არმიის საერთო სტრუქტურული თანმიმდევრულობისა და ამასთანავე, ფრონტის გასწვრივ სამხედრო ოპერაციების კოორდინაციის შესაძლებლობის შესახებ. ამასთანავე, “ვაგნერი” ოფიციალური ინსტიტუტებისგან მნიშვნელოვან ავტონომიას ავლენს. პრიგოჟინის პროაქტიული პოზიციის ფონზე, რუსეთის ელიტა შესაძლოა იმაზეც ფიქრობდეს, თუ რა სახის ჯილდოს მოითხოვს ის „ვაგნერის“ წარმატებების შემთხვევაში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რუსეთის სამხედრო ლიდერები, შესაძლოა, დაინტერესებულნი იყვნენ „ვაგნერის“ მარგინალიზებით, მათ შორის, საბრძოლო მასალებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გზით. 

 

რაში სჭირდება პუტინს „ვაგნერი“? 

„ვაგნერი“ რუსეთის ხელისუფლების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით შეიქმნა, რათა ეს დაჯგუფება ისეთ სამხედრო ოპერაციებში გამოეყენებინათ, რომლებშიც რუსეთის ოფიციალურ უწყებებს ღიად ჩართვა არ სურდათ. ეს საშუალებას აძლევს კრემლს, რომ უარყოს მონაწილეობა მსგავს ოპერაციებში და ამასთანავე, თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა „ვაგნერის“ მებრძოლების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე. 

„ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში „საზარბაზნე ხორცის“ ფუნქციასაც ასრულებენ, რათა მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება მეტი ძვირადღირებული რესურსები დაახარჯინონ და ხელი შეუწყონ მათი საცეცხლე პოზიციების გამოვლენას. შესაბამისად, მთავარი მიზანია უკრაინული არმიის გამოფიტვა, თანაც ისე, რომ დაღუპული „ვაგნერელების“ აღრიცხვა არც კი წარმოებს. რუსეთის ხელისუფლებას არ გააჩნია ფორმალური პასუხისმგებლობა იმ ოჯახების მიმართ, რომელთა წევრებიც იღუპებიან „ვაგნერის“ რიგებში. ამ გზით, დაჯგუფება რუსეთის სამხედრო ძალებზე არსებული ზეწოლის შემცირებას ახდენს. 

გარდა ამისა, ბრძოლის ველზე წარმატების მხრივ პრიგოჟინს საამაყო ბევრი არაფერი აქვს. მისი თავდასხმები სამხედრო ლიდერებზე გამოიყურება როგორც მცდელობა, რომ „ვაგნერის“ მიერ ბახმუტში განცდილ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა რუსულ შეიარაღებულ ძალებზე გადაიტანოს, განსაკუთრებით უკრაინული კონტრშეტევის წინ. 

თუმცა ვლადიმირ პუტინს, როგორც ჩანს, საკუთარი მიზეზები აქვს, თუ რატომ ტოვებს რეაგირების გარეშე პრიგოჟინის თავდასხმებს. ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობების ფონზე, პუტინი სავარაუდოდ ფიქრობს იმ პოტენციურ გამოწვევებზე, რაც მის პოლიტიკურ ძალაუფლებას შეიძლება შეექმნას. აქედან გამომდინარე, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, შესაძლოა, პუტინის რთული ძალთა დაბალანსების გეგმის ნაწილი იყოს. პუტინის მიზანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ბრძოლის ველზე, არც ერთი აქტორი არ გაძლიერდეს იმ დონეზე, რომ პოტენციურად საფრთხე შეუქმნას მის ძალაუფლებას. ამ ლოგიკით, კონკურენტი ჯგუფების არსებობა, რომლებიც მუდმივ დაპირისპირებაში არიან ერთმანეთთან, შეესაბამება პუტინის ძალაუფლების შენარჩუნების იდეას, თუნდაც ეს არ იყოს ყველაზე ეფექტური სტრატეგია ომის მსვლელობისას. 

 

ფოტო: AP/SCANPIX/LETA

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს RISS-ის ან რომელიმე სხვა ინსტიტუტის შეხედულებებს.

 

15 სექტემბერი 2023

უკრაინის კონტრშეტევაზე დასკვნების გამოტანა ნაადრევია

   

11 აპრილი 2023

უკრაინა - რუსეთის იმპერიული ამბიციების სამიზნე: გამოწვევები და პოლიტიკის ოფციები

15 მარტი 2023

კრემლის თვალით დანახული რუსეთი