კრემლის თვალით დანახული რუსეთი

15 მარტი 2023

ჯეკ ვათლინგი, უფროსი მკვლევარი (RUSI), 27 იანვარი, 2023

„მიუხედავად იმისა, რომ რუსული ელიტა ძალზედ პესიმისტურად არის განწყობილი მიმდინარე ომის მიმართ, რუსეთის მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვები, სავარაუდოდ, კრემლს აძლევს რწმენას, რომ შეუძლია გაუძლოს ომით გამოწვეულ დანაკარგებს.”

რუსეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევები და შეფასებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) უკრაინის მოსახლეობის მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა. ФСБ ასევე რეგულარულად ავალებს რუს “პოლიტტექნოლოგებს” რუსეთის მოსახლეობის გამოკითხვას. ამ გამოკითხვების შედეგების გაანალიზება გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ თუ როგორ აღიქვამს კრემლი საკუთარ მოსახლეობასა და რეჟიმის სტაბილურობისთვის მათგან მომდინარე საფრთხეებს. 

RUSI-მ წვდომა მოიპოვა კრემლის დაკვეთით უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებზე. ეს სტატია შეეხება ასეთი კვლევებით გამოვლენილ ტენდენციებს, თუმცა, წყაროების უსაფრთხოების მიზნით, კონკრეტული დეტალები არ გასაჯაროვდება. ჩატარებული გამოკითხვებით, რუსეთის მოსახლეობა ხუთ ფართო კატეგორიად იყოფა: კოსმოპოლიტები, ნიჰილისტები, ლოიალისტები, გლობალისტი პატრიოტები და “ურაპატრიოტები”. კოსმოპოლიტები, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებით 12-15%-ს შეადგენენ, აქტიური ოპოზიციის ბირთვად განიხილებიან. მათგან თითქმის ნახევარი ფასდება როგორც უკრაინასთან პირადი კავშირების მქონე. ნიჰილისტები, რომლებიც მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს შეადგენენ, მთავრობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, მაგრამ პასიურები და პროცესებისგან გამოთიშულნი არიან. აღნიშნული ჯგუფი არ განიხილება როგორც კოსმოპოლიტი ოპოზიციის მხარდამჭერი. 

ყველა სხვა ჯგუფი მთავრობის მხარდამჭერებად განიხილება, სხვადასხვა ინტენსივობით. ამ ჯგუფთაგან, კრემლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს “ურაპატრიოტებს”, რომლებიც მოსახლეობის 20-25%-ს შეადგენენ. ისინი გამოირჩევიან ომის მიმართ დიდი ინტერესითა და ჩართულობით, მაშასადამე, მეტად კრიტიკულები იქნებიან წარუმატებლობების მიმართ. ყველაზე დიდი განსხვავება კატეგორიზაციაში, ლოალისტებსა და გლობალისტ პატრიოტებს შორის გვხვდება, რაშიც დიდწილად ამ ჯგუფების პოლიტიკაში ჩართულობის დონეს მიუძღვის წვლილი.

კრემლი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს მედიასაშუალებებს, რომლებსაც ეს ჯგუფები მოიხმარენ. RUSI-ს მიერ მოპოვებული 2022 წლის აგვისტოსა და ოქტომბრის კონფიდენციალური გამოკითხვების მიხედვით, რუსეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა  იმ მოსახლეობის  წილი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეკითხვაზე, თუ რას გულისხმობენ “დამოუკიდებელ მედია”-ში, რესპოდენტთა უმრავლესობა პასუხობს, რომ ასეთი მედია უნდა ეთანხმებოდეს მათ შეხედულებებს, ამასთანავე, კრემლის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს და სხვა სახელმწიფო მედია საშუალებებს ყველაზე სანდოდ და დამოუკიდებლად ასახელებენ.

“გამოკითხვების მიხედვით, რესპოდენტებში შეშფოთებას ყველაზე მეტად ბირთვული ომის საფრთხე იწვევს და მათი უმრავლესობა მხარს უჭერს ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც  ბირთვული კონფლიქტის ალბათობას შეამცირებს.”

მაისსა და აგვისტოში ჩატარებული კვლევების შედეგები უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ საზოგადოების მაღალ მხარდაჭერაზე, მასში მოსახლეობის ნაკლებ ჩართულობასა შფოთვაზე მიუთითებდა. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ვითარება შეიცვალა და გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ მოსახლეობა უფრო აქტიურად განიხილავს უკრაინაში მიმდინარე ომს და მათი უმრავლესობა პესიმისტურადაა განწყობილი როგორც საკუთარი მომავლის, ასევე რუსეთის ეკონომიკაზე ომის გავლენის გამო. რუსეთის მოსახლეობისთვის ყველაზე მეტად შემაშფოთებელია საზღვრების დაკეტვა, რასაც ძალიან უარყოფით ნაბიჯად აფასებენ მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში.

თუმცა, მოსახლეობის მზარდი პესიმიზმი ხელისუფლებისთვის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საფრთხეს, რადგან მათი უმრავლესობა მაინც უჭერს მხარს ომში წარმატების მისაღწევად გატარებულ ზომებს. ნაწილი კი პესიმისტურადაა განწყობილი, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში NATO-ს სდებს ბრალს და არ აღიარებს რუსეთის მიერ დაშვებულ შეცდომებს. დანარჩენებს სერიოზულად აშინებთ საბოლოო შედეგი. გამოკითხვების მიხედვით, რესპოდენტებში შეშფოთებას ყველაზე მეტად ბირთვული ომის საფრთხე იწვევს და მათი უმრავლესობა მხარს უჭერს ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც ბირთვული კონფლიქტის ალბათობის შემცირებას  ისახავს მიზნად.

კრემლს სწამს, რომ ამჟამინდელი საინფორმაციო გარემოთი დიდ გავლენას ინარჩუნებს რუსეთის მოსახლეობაზე. დასავლელმა ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს როგორც რუსეთის მოწინააღმდეგეებზე წნეხის გაძლიერებას, ასევე რუსეთის მოსახლეობაში შიშის გაღვივებას და მათში მთავრობის მხარდაჭერის გაძლიერებას, რომელმაც მის მიერვე გენერირებული საფრთხეები უნდა გაანეიტრალოს.

ამ დროისთვის, რუსი “ურაპატრიოტები” ხმამაღლა აკრიტიკებენ ომის მიმდინარეობას, თუმცა მათი კრიტიკა ძირითადად მიმართულია ცალკეული მეთაურებისკენ, რეგიონული ადმინისტრაციების მიერ მობილიზაციის წარუმატებლად წარმართვისა და ზოგადად, ფართო საზოგადოების დამოკიდებულებებისკენ. მათი რისხვა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით არ შეხებია. ეს წარმოადგენს რუბიკონს, რომლის გადალახვასაც კრემლი მაქსიმალურად აფერხებს, რადგან მისი გადალახვის შემდეგ, რუსეთის ელიტის ყველაზე უკმაყოფილო ნაწილისთვის შესაძლებელი გახდება სამყაროს პუტინს მიღმა აღქმა და რუსი მოსახლეობისთვის კატასტროფული შედეგების გამომწვევი მიზეზების სხვაგვარი ახსნა-განმარტების მიწოდება.

„მანამ სანამ რუსული პოლიტიკის მამოძრავებელი ლოგიკა რეჟიმის უსაფრთხოების შენარჩუნებაა, სავარაუდოა, რომ საზოგადოებრივი აპათია შენარჩუნდება”.

ჯერჯერობით კრემლი კომფორტულად გრძნობს თავს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საბრძოლო დანაკარგები “ურაპატრიოტებს” არ უბიძგებს, ბრალდებები ხელისუფლებისკენ მიმართონ. ამავდროულად, იმის პარალელურად, რომ საზოგადოების მზარდი ნაწილი ინტერესდება ომის მიმდინარეობით და მათი ინტერესები სცდება ადგილობრივ პოლიტიკას და ეკონომიკას, სავარაუდოა, რომ ეს მოსახლეობის კიდევ უფრო დანაწევრდებას გამოიწვევს, მიუხედავად იმისა, რომ არის მცირე ნაწილი, რომელიც მზადაა იმოქმედოს. მშვიდობის დროს, კრემლმა, საზოგადოების დანაწევრების ტაქტიკას მიმართა ოპონენტების იზოლირებისთვის, რასაც მათი პოლარიზაცია მოჰყვა, პოლიტიკური მობილიზაციის ნებისმიერი მცდელობის ჩახშობის მიზნით. ამის შედეგია აპათიური მოსახლეობა. 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების პასიურობის წახალისება უზრუნველყოფს რეჟიმის უსაფრთხოებას, ახლა კრემლი იძულებულია ხალხი საბრძოლველად განაწყოს და ამავდროულად, ხელი შეუშალოს კრემლის კრიტიკოსთა გაძლიერებას და მათი გავლენის ზრდას კრემლზე. შესაბამისად, მანამ სანამ რუსული პოლიტიკის მამოძრავებელი ლოგიკა რეჟიმის უსაფრთხოების შენარჩუნებაა, სავარაუდოა, რომ საზოგადოებრივი აპათია შენარჩუნდება.

ჩატარებული გამოკითხვების შედეგები შემდეგ სურათს გვთავაზობს: 

კრემლს შეუძლია გაუძლოს საბრძოლო დანაკარგებს, მაგრამ ეროვნული ერთიანობის გაძლიერების ნებისმიერი მცდელობა, რაც აუცილებელია საბრძოლო უპირატესობის მოსაპოვებლად და მრეწველობის საომარ რელსებზე გადასასველად, მნიშვნელოვნად გაზრდის რისკებს პუტინისთვის, თუ სამხედრო წარუმატებლობები შენარჩუნდება. თუმცა, ამ დროისთვის კრემლი შედარებით კომფორტულად უმკლავდება ომის გაჭიანურების გამო არსებულ გამოწვევებს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მცდარი გამოდგა კრემლის მიერ შექმნილი წარმოდგენა უკრაინულ საზოგადოებაზე, საკითხავია, ხომ არ ქმნიან რუსეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მსგავს დამახინჯებულ რეალობას.

 

თარგმანი: შოთა შიუკაშვილი. 

 

ორიგინალი სტატიის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: https://rusi.org/explore-our-research/publications/commentary/russia-through-kremlins-eyes 

 

15 სექტემბერი 2023

უკრაინის კონტრშეტევაზე დასკვნების გამოტანა ნაადრევია

   

18 მაისი 2023

პრიგოჟინი ძველი გვარდიის წინააღმდეგ: ბრძოლა ძალაუფლებისთვის?

   

11 აპრილი 2023

უკრაინა - რუსეთის იმპერიული ამბიციების სამიზნე: გამოწვევები და პოლიტიკის ოფციები